ასოციაციამ სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSFG - Open Society Foundation Georgia) ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში გრანტი მიიღო. პროექტი სახელწოდებით „მცირე ბიზნესი და მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები: ადვოკატირება გამჭვირვალობისა და მეტი ჩართულობისთვის“ მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო კომპანიების მეტი ჩართულობისა და შესყიდვების მდგრადი სისტემის შექმნის უზრუნველსაყოფად ადვოკატირების კამპანიის წარმოებას.
პროექტის ფარგლებში მოხდება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული ისეთი ინფორმაციის სისტემატიზაცია, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოების ჩართულობა და სახელმწიფო შემსყიდველის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ფასისა და ხარისხის თანაბარი გათვალისწინება. შესყიდვების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგულაციებთან შედარების საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები, რომელიც ფართო განხილვებისთვის სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს წარედგინება.
პროექტი 2013 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და 8 თვეს გაგრძელდება.