ფიქსირებული გადასახადის განაკვეთებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო
20 იანვარს შემოსავლების სამსახურმა, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან ერთად ფიქსირებული გადასახადის განაკვეთებთან დაკავშირებით პირველი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
ფიქსირებული გადასახადის პირველი მოდელით ის მცირე მეწარმეები ისარგებლებენ,რომლებიც ეწევიან არა იურიდიულ, არამედ ფიზიკური პირების მომსახურებას. მათ არ სჭირდებათ იურიდიული პირებისათვის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ანგარიშფაქტურის გამოწერა. გადასახადის ასეთი ფორმის არჩევის შემთხვევაში, ამ კატეგორიის მეწარმეებს მოეხსნებათ სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება და აღარ დაიქირავებენ ბუღალტერს. ისინი დაიბეგრებიან კონკრეტული განაკვეთით თვეში ან კვარტალში.
ამ მოდელით სარგებლობას შეძლებენ, ისეთი საწარმოები,მაგალითად,როგორებიცაა მცირე საპარიკმახერო, ავტომობილების მცირე სახელოსნო, მცირე პურის საცხობი და ა.შ
ალტერნატიული გადასახადის მეორე მოდელი მორგებულია იმ მეწარმეებზე, რომლებიც ეწევიან ვაჭრობას და მათი მომხმარებლები არიან, ასევე ფიზიკური პირები . ამ ტიპის მეწარმეებსაც არ აქვთ შეხება იურიდიულ პირებთან და შესაბამისად არ საჭიროებენ იურიდიული პირებისთვის ხარჯის დამადასტურებელი ან სხვა საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერას.
ასეთი კატეგორიის მეწარმეებისთვის შეთავაზებული იქნება ფიქსირებული გადასახადი, რომელის ბრუნვის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.
მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა 27 იანვარს გაიმართება. შეხვედრის შედეგებს ასევე გაცნობებთ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.