საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის განცხადება
გუშინ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ.
ჩვენი ასოციაციის მიერ წელიწადნახევრის წინ დაწყებული იყო კამპანია ამ მოთხოვნით. ასოციაციამ საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსების შესაბამისი ანალიზიც ჩაატარა (USAID, EWMI, EPF-ის მხარდაჭერით) და გამოვიდა კონკრეტული რეკომენდაციებით, რაც მიწოდებული იყო ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ 2011 წელს. სამწუხაროდ მაშინ არ მოხერხდა ცვლილებების მიღება, ანუ არ აღმოჩნდა საკმარისი ნება ხელისუფლებაში გადაედგათ ეს ნაბიჯი.
პარალელურად ასოციაცია მართავდა შეხვედრებს ბიზნესმენების, სამოქალაქო ორგანიზაციების და საჯარო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ჩვენი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართულიყო პროცესში და დაგვერწმუნებინა ხელისუფლება ცვლილებების აუცილებლობაში. ამ ყველაფრის ფონზე დარჩენილი იყო ერთადერთი პრეზიდენტის თანხმობა და დეკრიმინალიზაცია ფაქტობრივად მომხდარი იქნებოდა.
ინფორმაციისთვის, ამ საკითხებზე დეკემბერში ასოციაციას უკვე ქონდა შეხვედრები იუსტიციის/ფინანსთა სამინისტროებში, მზაობა არის და თანამშრომლობა გრძელდება. რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი უკვე გათვალისწინებულია. მთლიანობაში ასოციაცია მიესალმება ამ თემაზე საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევას.